ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო. ინფორმაცია ამის შესახებ „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.
კობახიძემ თქვა, რომ თამარ ტალიაშვილს „არაერთი შეხვედრა ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა, ის არც ერთხელ არ დაუბარებიათ”.
„ეს არის ტყუილი. საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. მე მქონდა არაერთი საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ.
დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მას მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთანაც ჰქონდა შეხვედრა, მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთანაც. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ შეგვიძლია, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ყველაფერთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში. მათ შორის, ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და ა.შ. ეს ყოველთვის ძალიან გულწრფელი საუბრებია”. – თქვა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.