ირაკლი კობახიძემ ბიუროს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს  სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. ამის შესახებ ცნობილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა.

ასევე, ბიურომ პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, 6 თებერვალს, პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსმენა დღის წესრიგში დაამტკიცა.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.

მთავრობის წარდგენილი შემადგენლობა ასეთია:

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ 29 იანვარს განაცხადა, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება შეუწყდა, ყველა მინისტრი კი მოვალეობას ასრულებს.

გუშინ, 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად აირჩიეს, მან კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა. კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძემ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელებისთვის მადლობა გადაუხადა „ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გუნდში საუბარი ჰქონდა და მან მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა.

კობახიძის თქმით, პოსტზე დარჩენა არ მოისურვა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის მინისტრმა. მას პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.