ირაკლი კობახიძემ ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 23 წლის მეგი დიასამიძეს „ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა” უწოდა.
ჟურნალისტებთან ლაპარაკისას „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა თქვა:
„სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტის ღირებულებისაა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. თუ აქამდე არ ყოფილა, ეტყობა, პირველი პრეცედენტია.
[სხვა დაკავებულებზე] – აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა … სამი დაკავებულია-თქო. აქედან 2 არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად”.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგი დიასამიძემ კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.
ამავე დროს, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა.
ამავე დროს კი, „პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლითაც სტუდენტი გოგო დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად“.
აქტივისტმა თამარ კურატიშვილმა თქვა, რომ გასულ წელს მანაც გააკეთა წარწერა „ქართული ოცნების” ბანერზე და მაშინ მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
დღესვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, როცა „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ ქალზე ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა იყო.
„ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი, ეს ერთი და მეორე, ამაზე მინდა გიპასუხოთ, გუშინ დაკავებულ იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ვინც ქალზე იძალადა, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული“, – თქვა კობახიძემ.
8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ.
კალაძის მხარდამჭერები არაერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, ისინი დემონსტრანტებს ესროდნენ გაყინულ ბოთლებს, რომლებიც, მათ შორის პოლიციელებსაც მოხვდათ.
კალაძის მხარდამჭერებმა ასევე იძალადეს ჟურნალისტებზე. აქციაზე „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს დაარტყეს და წაართვეს ტელეფონი, ასევე იძალადეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე, რომელსაც ასევე წაართვეს მობილური. მუშაობაში ხელი შეუშალეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტ ქეთევან ხუციშვილს და სცემეს უნგრელ ჟურნალისტ ლასლო მეშეზს.
10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით 2 პირი დააკავა – ზაზა მამალაძე, რომელმაც 8 სექტემბერს აქციაზე ქალს ხელი გაარტყა და ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც ხელკეტი ჰქონდა და ერთ-ერთ დემონსტრანტს ჩაარტყა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ბუაჩიძე პოლიციას ეუბნება – „თქვენიანი ვარ“.