ირაკლი კობახიძემ აიათოლა ალი ხამენეის შვილს, მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა. წერილი მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია კობახიძის წერილში.
4 მარტს მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 88 პირისგან შემდგარმა „ექსპერტთა ასამბლეამ“ მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად აირჩია, მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა.
მედიების ცნობით, 88-წევრიანი ორგანო ისლამური სამართლის სპეციალისტებად მიჩნეული პირებისგან შედგება და მას ირანის მოქალაქეები რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ბოლო არჩევნები 2024 წელს ჩატარდა.
ვინ არის მოჯთაბა ხამენეი?
Iran International-ის ცნობით, მოჯთაბა ხამენეი 55 წლის არის და ის ირანის მმართველ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ჩნდება საჯაროდ და პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს ყოფილა.
წლების განმავლობაში მოჯთაბა ხამენეი უზენაესი ლიდერის ადმინისტრაციაში საქმიანობდა, სადაც მამის, ალი ხამენეის ირგვლივ „კარიბჭის მცველისა“ და ძალაუფლების პირებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მოჯთაბა ხამენეიმ წლების განმავლობაში თანდათან განიმტკიცა გავლენა რეჟიმის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და სასულიერო სტრუქტურებში.
ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და საინფორმაციო ქსელის (Middle East Political and Information Network) დირექტორმა, ერიკ მანდელიმ, Iran International-თან საუბარში განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი თეირანის ძალაუფლების სისტემაში ცენტრალური, თუმცა გაუმჭვირვალე ფიგურაა.
მისი თქმით, მოჯთაბა ხამენეი წლების განმავლობაში კულისებს მიღმა მოქმედებდა, ამყარებდა მჭიდრო კავშირებს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან და აძლიერებდა თავის პოზიციებს რეჟიმის ძალაუფლების სტრუქტურაში. მანდელის შეფასებით, ის ფართოდ განიხილება, როგორც რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი.
Iran International წერს, რომ 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის პერიოდში მოჯთაბა ხამენეი მსახურობდა ჰაბიბის ბატალიონში — სამხედრო დანაყოფში, რომელიც, ძირითადად, მოხალისეებისგან შედგებოდა და ისლამური რესპუბლიკის ადრეულ რევოლუციურ სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. ბატალიონი მოქმედებდა IRGC-სთან დაკავშირებული ძალების ფარგლებში და მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჰაბიბის ბატალიონში მსახურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოჯთაბა ხამენეის შემდგომი გავლენის ჩამოყალიბებაში. მასთან ერთად მებრძოლი არაერთი პირი მოგვიანებით ირანის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა, მათ შორის — იმ სტრუქტურებში, რომლებიც IRGC-ის სადაზვერვო მიმართულებებსა და რეჟიმის დაცვისთვის პასუხისმგებელ უსაფრთხოების ერთეულებს ხელმძღვანელობენ.
დამკვირვებლების აზრით, სწორედ ამ ომისდროინდელმა კავშირებმა შეუწყო ხელი მოჯთაბა ხამენეის მყარ და ხანგრძლივ პოზიციონირებას.
ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკური ოპონენტები წლების განმავლობაში მოჯთაბა ხამენეის ადანაშაულებდნენ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართულ ძალოვანი ქმედებების კოორდინაციაში, თუმცა აღნიშნული ბრალდებები ოფიციალური დადასტურების გარეშე რჩება.