ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ შოვში გადარჩენილი მოქალაქეების თავგანწირვაში არავის ეპარება ეჭვი და ირაკლი კობახიძემ თავად ნახა ადგილზე რა მასშტაბის სტიქია იყო.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღე  ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია არანაირად, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. იქ რა თქმა უნდა, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე გვყავს ჩვენ, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს, დაეხმარნენ და გადაარჩინეს გვერდით მყოფები.

კიდევ ერთხელ ვახსენებ „სანსეტ შოვის“ პერსონალს, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რა თქმა უნდა, რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ, როცა ხარ ეპიცენტრში ბუნებრივი კატასტროფის, ეს შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს. ამის მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – თქვა  შალვა პაპუაშვილმა.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. მან ასევე თქვა, რომ სპეკულაციაა თითქოს შოვში „დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა“.