თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 10 საათზე, დაგეგმილი იყო ირაკლი კობახიძის ლექცია, თუმცა სავარაუდოდ, სტუდენტების მოსალოდნელი პროტესტის გამო, ლექცია გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მამუკა ჩხეიძემ გაავრცელა.
„სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია კობახიძის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს, რაც გულისხმობდა შემდეგს: აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.
ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება.
ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ, ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.
ეგ Gen Z დაგამთავრებთ!
პ.ს. არც გიორგი კახიანს ჩაუტარებია დარბევის შემდეგ დღეს (ხუთშაბათს დილით) ლექცია”, — წერს მამუკა ჩხეიძე.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სტუდენტებმა აუდიტორიასთან, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია უნდა ჩატარებულიყო, მაინც გამოხატეს პროტესტი.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.
10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.