ირაკლი კობახიძის თქმით, BBC-ის Ofcom-ში – ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლებს.
საქმე ეხება BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სავარაუდოდ გამოიყენეს ქიმიური საშუალებები, მათ შორის, სავარაუდოდ, ბრომობენზილის ციანიდი, ანუ „კამიტი“ და გამხსნელი ნივთიერება ტრიქოლოროეთილენი.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს აღნიშნული საგამოძიებო ფილმის გამო, ვინაიდან BBC ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელია.
„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით.
ბოდიშის მოხდა არის პირველი იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და სკანდალი შექმნეს აბსოლუტურად ხელოვნურად. […]
ვაპირებთ, მივმართოთ Ofcom-ს, ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოებს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რაც გაავრცელა“. – თქვა მან.
სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ 6 დეკემბერს ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
დღეს ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 28 ნოემბრიდან წყლის ჭავლში ის ნივთიერებები შეურიეს, რაც დასახელდა სუსის ბრიფინგზე,
„არავითარი დარბევა არ ყოფილა. ეს არის ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას – უკვე დაწვრილებით ითქვა. ყველა დღეს ეხება ეს, მნიშვნელობა არ აქვს თარიღებს – მთლიანობაში, როცა იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როცა იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია. სრული გამჭვირვალობისთვის მზაობა არის ჩვენგან. შესაბმისად, თემა არის დახურული“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მაღრაძემ დაადასტურა, რომ შსს-ს ჰქონდა ტრიქლოროეთილენი – მისი თქმით, ეს ნივთიერება უწყებამ 2009 წელს შეიძინა. თუმცა, არაფერი უთქვამს გამოყენებაზე.
დღეს კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა გამოყენებული ტრიქლოროეთილენი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
პასუხად კობახიძემ კიდევ ერთხელ შეადარა 2024 წლის აქციის დაშლა 1989 წლის 9 აპრილს.
„ეს რო ყოფილიყო გამოყენებული, იქნებოდა ძალიან დიდი მიმართვიანობა. არ იყო, 5-მა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე.
9 აპრილს იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს მძიმე შედეგები ადამიანების დიდ რაოდენობაზე“.
ლაშა მაღრაძემ 6 დეკემბრის ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მათ ჩამოწერეს 880 ლიტრი ტრიქლოროეთილენი.
კობახიძე ამბობს: „ვადაგასული თუ იყო, შეიძლება, ჩამოწერეს, რა არის ამაში გასაკვირი“.