ყოფილი პოლიციელის, ირაკლი მუხადგვერდელის საქმეზე საპროცესო შეთანხმება „ამ ეტაპზე“ მიღწეული არაა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.
„დაცვის მხარის სურვილის მიუხედავად, ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება – ამ ეტაპზე ასეთი პოზიცია აქვს ბრალდების მხარე. შესაბამისად, გვსურს, რომ არსებითი განხილვა დავიწყოთ“, – განაცხადა პროკურორმა.
შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ ირაკლი მუხადგვერდელის მიერ ჩადენილია ბრალად შერაცხილი ქმედება.
დაცვის მხარის თქმით, ირაკლი მუხადგვერდელი აღიარებს დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, თანამშრომლობს გამოძიებასთან – სრულყოფილი აღიარებითი ჩვენების მიცემის კუთხით. ადვოკატი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
პროკურორის განცხადებით, შემდეგი პროცესიდან მოწმეთა დაკითხვას დაიწყებენ.
ვინ არის ირაკლი მუხადგვერდელი და რას ედავება გამოძიება?
მუხადგვერდელი ყოფილი პოლიციელია. ის მედიის ფოკუსში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ გაუპატიურების მუქარაში დასდო ბრალი.
მუხადგვერდელს გამოძიება ედავება, რომ 24 მაისს თბილისში, გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საპირისპირო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სექტემბერში გამართულ პროცესზე აღინიშნა, მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. მუხადგვერდელს საპროცესოს გაფორმება არასაპატიმრო სასჯელზე სურდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ის 25 მაისს დააკავეს და თავდაპირველად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა უწყების ცნობითვე, 1 თვეში – 30 ივნისს მან საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.