განცხადებაში, რომელიც პროპაგანდისტული ტელეარხის გვერდზე გამოქვეყნდა, რუხაძე წერს, რომ „პარტნიორებთან ერთად მოუხდა ამ რთული გადაწყვეტილების მიღება”.
მისი თქმით, „იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი“, ხოლო „50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში“
რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშცილის ოჯახმა სთხოვა მას „იმედის“ მათგან გამოსყიდვა 2018 წელს, რასაც დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა ტელევიზიის ფლობა საქართველოში.
მისი თქმით, სჯერა, რომ ბიზნესი განცალკევებული უნდა იყოს პოლიტიკისგან, „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.
„2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:
1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა„ ენმ-ისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);
2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (ძლიერ მენეჯმენტის ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.
„იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, „ოცნების“ მხარდაჭერა „ენმ-ის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო“. – ამბობს ირაკლი რუხაძე.
მისივე თქმით, „იმედმა“ „მიზანი მეტ-ნაკლებად შეასრულა – „ენმ“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ“
რუხაძე იმეორებს „ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივებს ომის საშიშროებაზე და ამბობს, რომ ახლა ეს რისკი შემცირებულია.
„ეს მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს. პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.
ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“. – წერს ირაკლი რუხაძე.