ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგეს და $170 მილიონის კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ.
კერძოდ, ინგლისის და უელსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს – Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.
უზენაესის 7-მა მოსამართლემ ერთხმად დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის, ასევე 2022 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებები.
საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ჩაიდინეს „კომერციული შეთქმულება“, დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ, მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნესგეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება.
საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომელსაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ს (SCPI) მართავდნენ.
ირაკლი რუხაძე 2004 წლიდან ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.
- ფიდუციარული ვალდებულება – შეთანხმება, რომლის ძალითაც ნივთის გადაცემის ვალდებულების გარდა არსებობდა ნივთის შემძენის (ფიდუციარის) ვალდებულება, განსაკუთრებული მოპყრობა გადაცემული ნივთისადმი ან შემდგომში ნივთის გამსხვისებლისთვის (ფიდუციანტისთვის) დაბრუნება. აღნიშნული შეთანხმება ეფუძნებოდა ნივთის გამსხვისებლის განსაკუთრებულ ნდობას ნივთის შემძენის მიმართ.
2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა ამ მიზნით დააფუძნა ახალი კომპანიები: Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, რომელსაც 2009 წლიდან შეუერთდნენ ალექსეევი და რუხაძე.
სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ბენჟამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც SCPI-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სამუშაოს ჩამოშორდნენ.
სანაცვლოდ, აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო მათ მიერ დაფუძნებულმა სხვა კომპანიამ – Hunnewell Partners-მა. შედეგად, მათ ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღეს.