ნიდერლანდურმა საგამოძიებო მედიამ Follow The Money სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედისა” და მისი მფლობელის, ირაკლი რუხაძის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. FTM წერს, რომ გამოძიებაზე გამოცემამ „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” ერთად იმუშავა.
FTM აღნიშნავს, რომ ტვ „იმედს”, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მწვავედ აკრიტიკებენ ანტიდასავლური პროპაგანდისა და „ქართული ოცნების” ღიად მხარდაჭერის გამო.
გამოცემა მიუთითებს, რომ ირაკლი რუხაძე ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას”, რომელსაც დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.
FTM-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი რუხაძე პოლიტიკურად ევროკავშირს ეწინააღმდეგება, მისი 4 მსხვილი კომპანია, ტვ „იმედის” მშობელი კომპანიის ჩათვლით, ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, საგადასახადო პოლიტიკისა და ქონების დაცვის შესაძლებლობის გამო.
კერძოდ, FTM წერს, რომ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული:
- Media Finance Group – „იმედის” მშობელი კომპანია;
- ლიბერთი ბანკი;
- რუსთავის ფოლადი – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა;
- ჰანეველ ცემენტი (ყოფილი Georgian Cement).
გამოძიებაში ნათქვამია, რომ 2017 და 2023 წლების პრესრელიზების თანახმად, Hunnewell Cement-ის მშობელი კომპანია CaucasusCement Holding B.V. ნაწილობრივ შეიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა კერძო საინვესტიციო ფონდმა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რუხაძის ზოგიერთი ეს ბიზნესი საქართველოს დე ფაქტო მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
გამოძიების თანახმად, გამოვლინდა, რომ რუხაძის მრავალმა კომპანიამ არ შეასრულა ნიდერლანდების ფინანსური რეგულაციები, მაგალითად, 2021 წლიდან კომპანიების ყოველწლიურ ანგარიშებზე არ არის დირექტორების სავალდებულო ხელმოწერები, რაც პოტენციურად „ეკონომიკურ დანაშაულს“ წარმოადგენს.