საპროკურორო საბჭოში ყოფილ გენერალურ პროკურორს, ამავდროულად, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე დაინტერესდა მამუკა ხაზარაძის, ივანიშვილისა და ჩხარტიშვილის იმ შეხვედრით, რომელსაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურორი შოთაძეც ესწრებოდა.
„ამ შეხვედრას არ უნდა დავსწრებოდი. შემთხვევით მოვხვდი. ხმა არ ამომიღია. პირად საკითხზე ვიყავი. არავისზე ზეწოლა არ მომიხდენია. ამ შეხვედრის მერე ყველა იყო კმაყოფილი“, – თქვა ირაკლი შოთაძემ.
ის ამბობს, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, არასამუშაო საათებში და ამიტომ ის ვერ ხედავს პრობლემას, მთავარი პროკურორი პირად საკითხზე შეხვდეს კერძო პირს.
„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ იგი იმყოფებოდა ბიზნესმენების შეხვედრაზე ივანიშვილის სახლში. შეხვედრას ესწრებოდნენ თავად ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
მისი თქმით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის საკითხი ბიძინა ივანიშვილისა და გენერალური პროკურორის ჩარევით გადაწყდა.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან იკავებდა, მან თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე დატოვა.