გენერალურ პროკურატურასთან ადამიანის უფლებათა ცენტრმა მათი თქმით, ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა დროს დაზარალებულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართა.
მათივე თქმით, შოთაძის სახელი უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეში გამოძიების არაეფექტიანობას, მიკერძოებულობას და იმ უამრავ გაუხსნელ საქმეს, რომლის დროს დაზარალებულებიც დღემდე სამართალს ეძებენ.
„შოთაძის გენპროკურორობის პერიოდს უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, გამოძიების პროცესში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევებით.
თბილისის ცენტრალური უბნიდან დღის საათებში ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე გამოძიების არაეფექტიანობა.
შოთაძის პროკურორობას უკავშირდება ბიზნესმენ დავით ადეიშვილზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეც, რომელიც ასევე ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე ყოფნისას მოხვდა პროკურატურაში . შესაბამისად, ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩდა და დღემდე არავინ მიუციათ პასუხისმგებლობაში.
შოთაძის მთავარ პროკურორობას უკავშირდება ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიებაც, რომელიც დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს საზოგადოებაში.
ამ ფონზე შოთაძის ხელახალი არჩევა პირდაპირი სიგნალია სისტემური პოლიტიზების ლეგიტიმაციის, რაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის შინაარსს კიდევ უფრო აუფასურებს.
მივმართავთ, საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტი ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ დატოვა, რის შემდეგაც ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.