ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში, უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს - გონჩარენკო

პუბლიკა

კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ამაზრზენს“ უწოდებს რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო.

„მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.

და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა „უკრაინელი პოლიტიკოსები“ „საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის“ მცდელობაში“, − წერს ქართულ ენაზე გონჩარენკო.

რადის დეპუტატი ღარიბაშვილს შეახსენებს − „შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს“, − წერს გონჩარენკო Facebook-ზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენას შეეხებოდა.

ღარიბაშვილი განმარტავს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა „ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობა.“

„ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ეს პოზიცია მტკიცედ შენარჩუნდება.