ირანი აცხადებს, რომ რუსეთს დრონები ომის დაწყებამდე გადასცა

პუბლიკა

„ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ ატეხილი აურზაური, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და დრონები მიაწოდა უკრაინაში ომის დასახმარებლად – რაკეტების ნაწილი სრულიად მცდარია. დრონების ნაწილი სიმართლეა და ჩვენ რუსეთს მცირე რაოდენობის დრონები უკრაინის ომამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ”, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.

19 სექტემბერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერდა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენება დაიწყო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ზიანიც მიაყენეს.

გამოცემასთან პოლკოვნიკი როდიონ კულაგინი, უკრაინის 92-ე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დანაყოფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ირანული დრონები ხარკივის მიმართულებით გამოჩნდნენ.

Shahed-136 ტიპის, დელტისებური ფრთების მქონე კამიკაძე დრონები რუსულ ფერებშია გადაღებილი და ახალი სახელი – Geranium 2 ეწოდა. კულაგინის თქმით, ირანული დრონები, როგორც წესი, წყვილებად მუშაობს და მისი ბრიგადის საოპერაციო არეალში 2 ცალი 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ცალი 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა გაანადგურეს.