BBC-ის ცნობით, ირანი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს, რომ თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმებისგან.
საუბარია ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი ირანის მიერ გაჟღერებულ მუქარებზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ისრაელზე განხორციელებულ ნებისმიერი შემდგომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანი იქნება.
ლიდერების საერთო განცხადების გარდა, საუბარი შედგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ ტარმერსა და ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შორის, სადაც სტარმერმა მოუწოდა ირანის ლიდერს, სამხედრო თავდასხმების შესახებ გაჟღერებული მუქარები უკან წაიღოს.
ირანული მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ეს „დანაშაულის” შეჩერების გზა და ირანის „სამართლებრივი უფლებაა”.
გუშინ განცხადება გაავრცელეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა – ისინი ირანს და მის პარტნიორებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან. ლიდერები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელმაც შესაძლოა მეტად გაამწვავოს რეგიონული დაძაბულობა, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.
ამასთან, მიუთითებენ, რომ ემხრობიან მედიატორების აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის პოზიციას, რომ ისრაელ-ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების გადადება აღარ შეიძლება.
კვირას ჰამასმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებების შეხვედრაში. ისრაელმა კი გასულ კვირას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე თავის წარმომადგენლობას გაგზავნის.
სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც Axios-მა ისრაელის დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის თავდასხმა უახლოეს დღეებში იგეგმება. ირანმა მუქარის შემცველი განცხადებები ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.