თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.
როგორც თბილისის მერიაში „პუბლიკას“ უთხრეს, ანძა ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე, ირანის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაანათეს. 11 თებერვალი ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავია.
მერიაში განმარტავენ, რომ ასეთი პრაქტიკა წლებია, არსებობს, როცა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიმართავენ თხოვნით, ანძას შესაბამისი დროშის ფერებში ანათებენ.
ანძის განათებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირანის ელჩიც:
„ირანისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე დაყრდნობით და ორი ერის კეთილმეზობლური დამოკიდებულების გათვალისწინებით, წელს, 22 ბაჰმანის (ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავი) აღსანიშნავად, თბილისის ტელეანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.
ეს არის იმ რეალობის ნათელი სიმბოლო, რომ დღევანდელი ირანისადმი პატივისცემა ოფიციალურ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულია“, – წერს ელჩი.
29 დეკემბრიდან მოყოლებული ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე ირანშო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება.