ირანის მოქალაქეებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

პუბლიკა

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ირანის მოქალაქეებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.

როგორც „პუბლიკას“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირანელმა ადამიანის უფლებების აქტივისტმა და ფემინისტმა, მარიამ შარიფმა განუცხადა, ისინი ირანელი ხალხის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

„ირანში ხალხს ახლა ხელისუფლება და პოლიცია ესვრის, ხოცავს და მათ სურთ ჩაახშონ ირანელი ხალხის ხმა, რომ ვერ დაინახოთ, რა ხდება ირანში. მათ შეზღუდეს ინტერნეტი, შეზღუდეს ინსტაგრამი, ტვიტერი… ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ ამ ხალხის ხმა“, – განაცხადა მან.

ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციების წინა ხაზზე ქალები არიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად წვავენ თავსაბურავებს.

თეირანის ცენტრში ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს ხომეინის პოსტერები. ქალებმა პროტესტის ნიშნად მოიხსნეს ჰიჯაბები, საჯაროდ შეიჭრეს თმები.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა, თუმცა  ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.