ირანის პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობას უცხოეთთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ აბრალებს

პუბლიკა

CNN-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა უცხოეთთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ დააბრალა. მისი განცხადებით, სწორედ ისინი დგანან ბაზრობების, მეჩეთებისა და კულტურული ობიექტების დაწვის უკან.

„ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გაწვრთნილი. მათ დაწვეს ბაზრობები რაშთში და სხვა ქალაქებში, ასევე მეჩეთები და კულტურული ადგილები“, – განაცხადა პეზეშკიანმა დღეს გავრცელებულ სატელევიზიო ინტერვიუში.

პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე 12-დღიანმა ომმა ქვეყანა „ქაოსის მდგომარეობაში“ ჩააგდო. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს ლეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ძალადობასა და მკვლელობებს მიუღებლად აფასებს.

ბოლო დღეებში ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე რამდენიმე პირმა CNN-ს განუცხადა, რომ თეირანის ქუჩებში მრავალათასიანი შეკრებები და სასტიკი ძალადობა იხილეს. ერთ-ერთი ქალის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ მან საავადმყოფოში „ერთმანეთზე დაწყობილი ცხედრები“ ნახა.

რესპონდენტებმა ანონიმურობის დაცვით, CNN-ს ასევე განუცხადეს, რომ 8-9 იანვარს მათ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ყველა ასაკის ადამიანები იხილეს. თუმცა, მათივე თქმით, ბოლო ღამის განმავლობაში სამხედრო იარაღით აღჭურვილმა უსაფრთხოების ძალებმა „ბევრი ადამიანი” დახოცეს.

10 იანვრისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ორკვირიანი საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 600-ზე მეტი დააკავეს.

საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით, ირანის ყველა პროვინციაში გავრცელდა და 180-ზე მეტ ქალაქს მოიცავს. მასობრივი უკმაყოფილება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია.

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ ქუჩებში მრავალათასიანი შეკრებები და იმედის განცდა სუფევს, თუმცა პარალელურად ადგილი აქვს სასტიკ ძალადობას. ერთ-ერთმა ექიმმა CNN-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოებში ვითარება „უკიდურესად ქაოსურია“, ხოლო პაციენტები შეშინებულები არიან, რათა იდენტიფიცირებულნი არ გახდნენ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე რეპრესიების ფონზე.

„ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 10 იანვარს სოციალურ ქსელში წერს.

იქამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ირანელ ხალხს დაეხმაროს, თუმცა არ დაუზუსტებია, რას მოიცავს ეს დახმარება. მან სოციალურ ქსელში სოლიდარობა გამოუცხადა ირანში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს. ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობრივი რეაგირების შემთხვევაში ირანზე თავდასხმა შესაძლებელია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის ხალხს უჭერს მხარს. თავის მხრივ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საპროტესტო გამოსვლების წაქეზებაში აშშ დაადანაშაულა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ირანში 8 იანვრის საღამოდან ინტერნეტი გამორთულია. Reuters-ის თანახმად, სატელევიზიო მიმართვაში ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაიფიცა, რომ უკან არ დაიხევს და დემონსტრანტები ოპოზიციის და აშშ-ის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.