ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრსა და ირანის ძალოვანი სტრუქტურების 8 მაღალი თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. თავის ვებგვერდზე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ სანქციები ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დააწესეს.
„ირანის ხელისუფლება ძალადობრივად ებრძვის განსხვავებულ აზრს, მათ შორის, მშვიდობიან პროტესტს, ძალადობს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. აშშ-ის ხელისუფლება გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ირანელ მაღალჩინოსნებსა და ინსტიტუტებზე, რომლებიც თავიანთ ხალხს ჩაგრავენ“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრ აბდულრეზა რაჰმან ფაზლისა და ძალოვანის სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან ერთად ახალი სანქცია ერთ-ერთ ირანულ სამართალდამცავ ორგანიზაციასაც შეეხო. მათ აშშ-ში ან ამერიკის მოქალაქეების კონტროლქვეშ არსებული ქონება ჩამოერთმევათ. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ პირებს მნიშვნელოვან ტრანზაქციებში დაეხმარებიან, აშშ-მა შესაძლოა, გარკვეულ ზომებს მიმართოს.