აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – წერს ტრამპი twitter-ზე.
ირანმა, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 1:30 საათზე ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენიმ განაცხადა, რომ ეს არის სილის გაწნა ამერიკისთვის, ეს არის პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის მკვლელობაზე. მისი თქმით, ამერიკულმა ჯარებმა უნდა დატოვონ ერაყი.
გამოცემა Reuters ირანულ ტელევიზიებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ბაზების მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა. მათივე თქმით, რაკეტების სამიზნე ორი სამხედრო ბაზა იყო.