ირანმა ისრაელს დრონებით და რაკეტებით შეუტია - IDF-ის ცნობით, 99% განეიტრალებულია

პუბლიკა

გუშინ გვიან ღამით ირანმა ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან შეუტია და დრონები გაუშვა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობები ათობით დრონის გაშვების შესახებ, რომელთა მიღწევასაც ისრაელის ტერიტორიამდე რამდენიმე საათი სჭირდება, თუმცა მოგვიანებით ისრაელის სამთავრობო სააგენტომ განაცხადა ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შესახებაც.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ჯამში, ისრაელისკენ გაუშვეს 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა – IDF-ის ინფორმაციით, იარაღების გარკვეული რაოდენობა ნასროლი იყო ერაყისა და იემენის ტერიტორიიდან.

უწყების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო ძალებისა და „პარტნიორების” მეშვეობით განეიტრალებულია.

მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტები, რომლებმაც ისრაელამდე მიაღწია, ერთ-ერთ საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მხოლოდ მცირე დაზიანებები გამოიწვია. ის აცხადებს, რომ ბაზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში უთხრა, ისრაელმა გუშინდელი საღამო „გამარჯვებად” უნდა მიიჩნიოს, რადგან ირანის შეტევის დიდი ნაწილი წარუმატებელი იყო და აჩვენა ისრაელის არმიის შესაძლებლობები. ბაიდენისა და ნეთანიაჰუს საუბრის შესახებ ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.