ირანში ეპიდსიტუაცია უარესდება, ვმსჯელობთ შესაბამისს ღონისძიებებზე - გამყრელიძე

პუბლიკა

ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. შესაბამისად, საქართველოსიც იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირანში  კორონავირუსით 2 გარდაცვალებასა და რამდენიმე ათეული ადამიანის ინფიცირებას აფიქსირებს, თუმცა, გამყრელიძის თქმით, სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით,  ირანში გარდაცვლილთა რაოდენობა არის დაახლოებით 5, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა არის რამდენიმე ასეული.

„აქედან გამომდინარე აღვნიშნე, რომ უარესდება სიტუაცია ირანში, რომელიც არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მასთან გვაქვს ინტესიური ტურისტული თუ ბიზნესურთიერთობა, ამიტომ საქართველოს შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შესაბამისს ღონისძიებებზე. ანუ რა უნდა გავატაროთ ჩვენ საქართველომ, რათა პრევენცია გავუკეთოთ უკვე ირანიდან [არსებულ საფრთხეს]”, – ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, გამყრელიძის თქმით, მათ ჩაუტარდათ ტესტირება და კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.