ირანში 15 წლის გოგო დაიღუპა. BBC-ის ცნობით, მოზარდი საპოლიციო ძალებმა სკოლის დარბევის დროს სცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. BBC ინფორმაციას მასწავლებელთა გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ასრა პანაჰი იყო ერთ-ერთი იმ მოსწავლეთგანი, რომელიც ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არდებილში დარბევის დროს დაშავდა.
BBC-ის ცნობით, მოსწავლეებს თავს დაესხნენ საპოლიციო ძალები, რადგან მოსწავლეებმა უარი თქვეს ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ქება-დიდებაზე.
ირანის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ გოგო ცემის შემდეგ გარდაცვალა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ასრას გულზე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ საპოლიციო ძალებმა რამდენიმე თინეიჯერი გოგონა მოკლეს მას შემდეგ, რაც ირანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა. თუმცა ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
მაჰსა ამინისა და ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი აქციები ტარდება, მიმდინარეობს სხვადასხვა კამპანია ირანელი ქალების უფლებების დაცვის მხარდასაჭერად. კამპანიებში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვა საჯარო პირები იღებენ მონაწილეობას.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ დააწესა, როგორი უნდა იყოს ქალისთვის სავალდებულო ჩაცმულობა. წესი ავალდებულებს ყველა ქალს, ატაროს თავსაბურავი და თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც შენიღბავს და არ გამოკვეთს მათ ფიგურას. ქალების ჩაცმულობას აკონტროლებს „მორალის პოლიცია“. პოლიციას შეუძლია, ქალი გააჩეროს ქუჩაში, შეამოწმოს, რამდენად უჩანს თმა, რამდენად ვიწროა ტანსაცმელი. თუ პოლიცია გადაწყვეტს, რომ ქალმა დაარღვია წესები, მათ შეუძლიათ, ის დააჯარიმონ ან დააპატიმრონ.