16 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ირანში საგანგაშოდ გახშირებული სიკვდილით დასჯის გამო.
გარდა ამისა, ის მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის დაპატიმრებისა და გარდაცვალების შემდეგ ტარდება.
გაეროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციის პროექტი 80 ხმით 28-ის წინააღმდეგ მიიღეს. 68 ქვეყანამ თავი შეიკავა.
პროექტი დაგმო ირანის წარმომადგენელმა, რომელმაც რეზოლუციის თანასპონსორები, მათ შორის, კანადა, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ისრაელის რეჟიმი და გერმანია ფარისევლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სისასტიკის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიუხედავად, ეს ქვეყნები ადამიანის უფლებების დაცვას ქადაგებენ.
ფოტოზე ასახულია, ვინ მისცა რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა (მწვანე), ვინ შეიკავა თავი (ყვითელი) და ვინ არ დაუჭირა (წითელი) პროექტს მხარი.
ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, საქართველოს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 21 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა „დროას“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ, რომელმაც განაცხადა, რომ კენჭისყრის დროს საქართველოს წარმომადგენლობამ დარბაზი დატოვა.
„საქართველოს წარმომადგენლობამ დატოვა დარბაზი და არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, შესაბამისად, მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას, რაც ერთი მხრივ რეგიონის ტოტალიტარული ქვეყნების მხარდაჭერაა, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ადგილს ცივილიზაციების დაპირისპირებაში, „ოცნებამ“ აირჩია ავტორიტარიზმის გზა“, – განაცხადა მან.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გაეგო მიზეზი, რატომ არ მიიღო საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა. თუმცა ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
მაჰსა ამინისა და ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი აქციები ტარდება, მიმდინარეობს სხვადასხვა კამპანია ირანელი ქალების უფლებების დაცვის მხარდასაჭერად. კამპანიებში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვა საჯარო პირები იღებენ მონაწილეობას.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანში საპროტესტო აქციებს ძალადობრივად არბევენ, ხოცავენ ადამიანებს. მოკლულია ასობით ადამიანი.