მედიის ცნობით, ირანული დრონები აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – დაშავებულია ორი ადამიანი.
როგორც apa.az წერს, ერთ-ერთი დრონი აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს დაეცა, კიდევ რამდენიმე დრონი კი სხვა ადგილებში ჩამოვარდა. კიდევ ერთი დრონი ქალაქ ნახიჩევანში, სკოლის სიახლოვეს დაეცა.


დრონებით იერიშის შემდეგ აზერბაიჯანში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ეს იერიში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის ზრდას ემსახურება. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ნახიჩევანის აეროპორტი ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან აზერბაიჯანი კეთილმეზობლური პოლიტიკის ერთგული რჩებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ან მეგობარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ შორის ირანის წინააღმდეგაც.
ამასთან, მედია წერს, რომ ილჰამ ალიევი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შორის, რომელმაც აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოხატა.
მედიისვე ცნობით, აზერბაიჯანმა მათ შორის უზრუნველყო სასაზღვრო გამშვები პუნქტების მუშაობა, რათა ირანიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ისევე, როგორც თავად ირანელებს, სამშობლოში დაბრუნება შესძლებოდათ.
ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები 28 თებერვალს, დილის საათებში დაიწყეს.
ერთ-ერთი პირველი საჰაერო იერიში მათ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე მიიტანეს, რის შედეგადაც ირანის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დაიღუპა. მასობრიი საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა ირანის სამხედრო და პოლიტიკური მაღალი თანამდებობის არაერთი პირიც. აშშ-ში მოქმედი ირანული უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიხედვით, დაღუპულია 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ 1700-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რომელშიც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებიც ჩაერთვნენ.
ირანთან დაპირისპირებას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, აშშ-მა ქუვეითის მხრიდან „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად დაკარგა სამი თვითმფრინავი.
ირანმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ აშშ-ის ბაზებსა და ისრაელს, ასევე – ინდუსტრიულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, რამდენიმე თავდასხმა დაფიქსირდა ერაყში, სირიასა და კვიპროსზეც.