IRI და NDI წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებენ

პუბლიკა

დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ჩამოსვლის შესახებ. მისია 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეაფასებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მისია შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე 5 გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

გუშინ განცხადება გაავცელა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.