„მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არ აიცრება“ | IRI-ის კვლევა

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც შეკითხვაზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 39% ამბობს, რომ არ აიცრება.

კვლევის მიხედვით, ამავე შეკითხვაზე მოქალაქეთა 20% პასუხობს, რომ ვაქცინაციას მაშინვე ჩაიტარებს, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება. 24% კი ამბობს, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაიკეთებს ვაქცინას.

მოსახლეობის 6% აღნიშნავს, რომ ვაქცინაციაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამას კანონი ან დამსაქმებული მოითხოვს. 12%-ს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 1%-ზე ნაკლები სხვა გადაწყვეტილებას ასახელებს.


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.