ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალას) დაკავებას „პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს“.
„მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი შეცდომა. […] არანაირი კავშირი ამ ფაქტს პოლიტიკასთან არ აქვს.
თქვენც ხვდებით ხო ალბათ, რომ პარიზში აეროპორტიდან არ შეიძლებოდა, ჩანთით იარაღი წაეღო. აქ საუბარია შენახვის უფლებით რეგისტრირებულ კანონიერ იარაღზე. […] როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ამასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას გამოძიებას, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას თავად და თქვენთვისაც იქნება ცნობილი“, – თქვა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი („ზარალა“) გუშინ, 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
„დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
236-ე მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს:
ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა, სანადირო ან სპორტული იარაღისა], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
მე-4 ნაწილი:
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.