ირმა სოხაძე: უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება

პუბლიკა

მომღერალი, სამთავრობო პროპაგანდისტული არხის წამყვანი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა შეელიოს კანონპროექტს, რომელიც ვნებათაღელვას იწვევს.

ირმა სოხაძემ ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა მან.

სოხაძის თქმით, ეს არ არის თაობათა შორის ბრძოლა, რადგან ერის გაცხადებული არჩევანი ევროპისკენ სვლაა.

„ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა­ და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა­ ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი – ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული. ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი – რუსეთი.

არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის.

შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“, და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ? ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.