ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.
„მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვარიდან. არის სრულ შიმშილობაზე. სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. შიმშილობა ოფიციალურად არის დადასტურებული ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. შიმშილობის დაწყების შემდგომ, მოქმედებას იწყებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე. შიმშილობამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
მზიამ იცის ჯანმრთელობის ფასი და მოსალოდნელი ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა. კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი გავიმეორეო მისი დანაბარები, რომ ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.