ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ, უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაღუპული სამხედროს ჯამბულათ ხოფერიას მამა ეხმაურება. არჩილ ხოფერია წერს, რომ მისი შვილი ომის დაწყებისთანავე კიევში თავისი სურვილით ჩავიდა და არავის წაუყვანია.
„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ ქვეყნის მართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე.
არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნჰენში იყო. დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა.
უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა… და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა. იგი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა“, – წერს არჩილ ხოფერია.
პრემიერმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ დღეს ისაუბრა. ღარიბაშვილმა 5 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან მესამე დღეს მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, შემდეგ კი მათი დაღუპვის შესახებ გააგრძელა საუბარი და განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ.
„უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ომის პარტიის წევრები, გამყიდველი პარტიის წევრები ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ეს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა აცილებული თავიდან, ჩვენი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.