პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან ბესელია „ნაცმოძრაობის“ ღია ქომაგად მოიხსენია.
„კობახიძეს თმები ყალყზე უდგება, როდესაც კლანს ვუხსენებთ სასამართლოში. ეს არის მისთვის ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ, რომ ის არის ღია ლობისტი, კლანის ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში – ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა არის უკვე როგორც რიგითი პარლამენტის წევრი, მაგრამ მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა უკვე, ალბათ, ამდენი დამსახურებისა და ამაგის შემდეგ და ეს კლანი ზუსტად რომ განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როცა მართლაც ამ მოსამართლეების გარეშე ვერ მოხდებოდა ამდენი უსამართლობა”, – აცხადებს ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, წინა ხელისუფლების დროს, როცა სასამართლო კლანად მოაზრებული მოსამართლეები „ძალადობრივ სისტემას პატრონაჟს უწევდნენ“, კობახიძისა და მის მიერ პარლამენტში მოყვანილი „პატარა, გამოუცდელი გოგო-ბიჭების“ ამოღებული ხმა არავის ახსოვს.
„თუ ვინმე აფარებს ხელს იმ ძალადობრივ სისტემას და თუ ვინმე ამაგრებს, ეს არის სწორედ კობახიძე და მისი გუნდი.
არ მიკვირს, თუ ის ამ რეზოლუციის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ის კობახიძე, რომელმაც თქვა რომ ის ჯალათები კარგები გახდნენ იმიტომ, რომ ემსახურებიან „ოცნებას“, – აცხადებს ბესელია.
კოალიციამ „სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის” გუშინ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ინიცირებულ დადგენილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე და საზოგადოებასთან ერთად გადადგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ.