ის ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვითაა შესაძლებელი - პატრიარქი ლაშქარავას ოჯახს

პუბლიკა

საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი“, – წერს პატრიარქი.

„რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის. მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის.

ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება. ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, – წერს პატრიარქი.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას“ ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს:

„ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე კიბის მოაჯირზე 15 კაცს ვყავდი გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.