თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის პროცესი გაიმართა. საქმეზე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, ასევე დაიკითხა ორი ექსპერტი, შემდეგ კი წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ვრცლად უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ. ბურჭულაძემ საუბრის ძირითადი ნაწილი ბრალდების შინაარსს დაუთმო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის 4 ოქტომბერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო.
„ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორებო გავერკვეთ ერთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ – იმას, თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას, ვინ დააზიანა ღობე.
ყველასთვის ნათელია, მთელი ხმაური ემსახურება მხოლოდ ერთ ფაქტს – საქართველოს ისტორიაში პირველად სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობად შერაცხვას.
4 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. ჩემს ცხოვრებაში მე ბევრი ძალიან კარგი და წარმატებული დღე მქონია, 4 ოქტომბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. მე ამით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ?
მე თქვენ ბრალს მდებთ 3 რამეში: დამხობა, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. განვიხილოთ საკითხების მიხედვით და თუ შევჯერდებით, რომ მე ვარ მართალი, დღეს ყველა უნდა გაუშვათ სახლებში.
1. ძალადობისკენ მოწოდება
მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც მოვუწოდებ ძალადობისკენ. თუ ვერ მანახებთ, ესე იგი, ეს მუხლი არის მოხსნილი. ვერ მანახებთ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს.
2. დამხობა
მე ყოველთვის ვამბობდი მშვიდობიან დამხობას, რომელიც შედგა. თქვენ რა გგონიათ? რა არის მშვიდობიანი დამხობა? აი, დამხობა ის არის, რაც ხდება ირანში და მშვიდობიანი დამხობა მოხდა 4-ში რუსთაველზე. 250 000-მა ადამიანმა ხმა მისცა იმას, რომ იბრუნებს ძალაუფლებას და ყველა ოდნავ თავმოყვარე მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა. როდესაც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე იწონებს თავს ტელევიზიით, თითქოს მას მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, მოდით დავითვალოთ, რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა 4 ოქტომბერს მათ გადადგომას. მინიმუმ 250 000 ადამიანი, რომელსაც ჰყავს საშუალოდ ოჯახის 3 წევრი. უამრავმა ადამიანმა უფულობის გამო ვერ მოახერხა რაიონიდან ჩამოსვლა. აგრეთვე – მილიონზე მეტმა ემიგრანტმა, რომელთა 92% დეკლარირებულად ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი.
4 ოქტომბერს არჩევნები კი არ შედგა, შედგა მათი გადარჩევნები და დამხობა. დიახ, ჩვენ დავამხეთ. ტყუილად კი არ არის, რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ. ეს მუხლიც მოხსნილია.
3. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება
რომელიმეს გჯერათ, რომ ასობით ათას ადამიანს ამ პატარა სასახლის აღება რომ ნდომებოდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით? ვინ დაგვიდგებოდა წინ ამის სურვილი რომ ყოფილიყო? ეს მუხლიც მოიხსნა.
იმაზე კი არ აკეთებენ აქცენტს, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე რომ იყო ხალხი, არამედ მათ სპეციალურად გადააქვთ ყურადღება იმ ღობეზე, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა და ეს საკითხი რომ მნიშვნელოვანი გამხდარიყო, დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი.
ეს ადამიანები, ისევე როგორც სინდისის ყველა პატიმარი დასაკავებელი კი არა, ხელის გულზეა სატარებელი. საქართველოს ასეთი შვილები რომ არ ჰყოლოდა, ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებდა. თუ მაინცდამაინც ღობის ამბავი გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა დაიბაროთ „ოცნების“ პრემიერი, რომელმაც ტელევიზიით მისცა აღიარებითი ჩვენება და თქვა: „მათ იქ ჩვენ სიურპრიზი დავახვედრეთ“. დაიბარეთ ბატონო და ჰკითხეთ, რას ნიშნავს ეს.
ეს საკითხიც მოხსნილია.
მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ 4 ოქტომბრის ისტორიული სახალხო კრების ინიციატორი, მე ვარ და სხვებს დაანებეთ თავი.
თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მოიყვანოთ ცრუ მოწმეები, რომ მე ვითომ მათ ჩუმად, ფარულად უკანონობისკენ მოვუწოდებდი. ასეთ ცრუ ჩვენებას ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებით, ვერც ევა შაშიაშვილისგან. არ გამოგივათ სხვებთანაც, ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ წვალობთ.
ბოლოს, არის ასეთი გამოთქმა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ გულით – ყველაფერს. მე მინდა გითხრათ, ჩახედეთ რუსთაველზე მდგარ მომიტინგეებს და ციხეში მსხდომ ადამიანებს თვალებში და დაინახავთ, რომ სამშობლოს სიყვარული შეუფასებელია, მას ვერც დიდი ფულით იყიდი.
მე ვარ დამნაშავე, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა. თუ ეს დანაშაულია, 9 წელი…“, – თქვა ბურჭულაძემ.
4 ოქტომბრის მოვლენებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვთ წარდგენილი:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ირაკლი შაიშმელაშვილი:
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკვია:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
გური ჟვანია:
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.