დღეს, 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა და განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოტანამდე ჯანო არჩაიმ საბოლოო სიტყვით ისარგებლა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„ვითომ ამტკიცებს პროკურატურა, რაღაცებს ჩმახავს, ვერ ჩმახავს, რას აკეთებს თვითონ არ იცის. ხავსს ეჭიდებიან… აქ დავდივართ იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ვეუბნებით ერთმანეთს, რომ წავიდეთ, ახლობლებს ვნახავთო.
არაფრის თქმას არ ვაპირებდი დღეს მაგრამ ერთი-ორი სიტყვა მაინც მინდა ვთქვა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პრეზიდენტს, მე-5 პრეზიდენტს, სანამ ეს მთავრობა იარსებებს და სანამ რაღაც არ შეიცვლება, თქვენ ჩემთვის იქნებით პრეზიდენტი, დიდი მადლობა დაფასებისთვის, მობრძანებისთვის…
მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს, ჩვენს ადვოკატებს, პერსონალურად მინდა, ბატონო ომარ, გადაგიხადოთ დიდი მადლობა. თქვენ ხართ პროფესიონალი თქვენი საქმის, თქვენ გააშიშვლეთ სასამართლო და პროკურატურა, შეიძლება არ უნდათ თვითონ, რომ შეიმჩნიონ, მაგრამ ამას ხედავს მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიო, მადლობა ყველას თქვენი შრომისთვის.
მე ვარ ჯანო არჩაია რევაზის ძე, იმ რევაზის შვილი ვარ, 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბ კოსტავას გვერდით რომ იბრძოდა. 14 წლის ბავშვი ვიყავი, როცა 9 აპრილს მამაჩემის გვერდით… იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა, ჩემი ცხოვრება დაიწყო ბრძოლით ჩემი ბავშვობიდან, 50 წლის კაცი ვარ და არ გამომიტოვებია არაფერი, ვიყავი აფხაზეთშიც…
მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს, მე ვიცავ ჩემი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე მინდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი… ამის გულისთვის ვისჯები…
მე მინდა დიდი ბოდიშის მოხდით შევეხო საპატრიარქოს – მე მინდა იმ მამაოებს მივმართო, რომლებიც თავის სულიერ შვილებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, 19-20 წლის გოგო-ბიჭებს ცხოვრებას უსპობენ, ციხეებში ყრიან, „რომ იტყვიან პოლიტიკაში არ შევდივარო“ – ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა, მათ უნდა დაიცვან თავიანთი შვილები – ეს მათ ღვთის წინაშე აქვთ […]. მოვა დრო მაგათ გაეცემათ ყველას პასუხი… მამაოობა არ არის ის, რომ პარლამენტში შეხვიდე და კობახიძე-მდინარაძეს დაუკრა სისულელეზე ტაში.
მე მინდა ჩემს ზუგდიდელებს მივმართო, მე დაბადებული ვარ და ვიზრდებოდი ზუგდიდში და მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი…
საკანში ბიჭები წერილებით ხელში მხვდებოდნენ… ყველას მოვუხდი მადლობას.
[…] იყო პატარა მონაკვეთი, როდესაც ხალხი ვაფასებდით ფორმიანებს, ვაფასებდით პოლიციას, მაგრამ ეს ყველაფერი გაწყდა. 90-იანებში ჩვენ ფორმიანებს ვეძახდით ძაღლებს, დღეს უკვე ძალღებიც აღარ ხართ.
მე რაც იყო, სიმართლეს ვიძახი და ამ სიმართლისთვის ვისჯები და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ, ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, აქ სხვებისგან განსხვავებით, იქაც თავისუფლები ვიქნებით, იქიდანაც ვიბრძოლებთ, იქიდანაც დაგამარცხებთ.
ცოტა მეტის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან და არ მინდა ზედმეტად ვანერვიულო. აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ამ სიტუაციაში, ალბათ ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. მე ამათზე წლოვანებით უფროსი ვარ, ზოგიერთი შვილებადაც მეკუთვნის, მაგრამ ეს ჩვენში არ მოსულა, ჩვენ ძმები ვართ. დიდი მადლობა ამ ბიჭებს, უბრალოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ დღევანდელი სასამართლოს მერე ისიც აგვეკრძალება, იმ „ფუქსებშიც“ ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ის დღეც გათენდება, როცა ყველა ერთად ვიქნებით გარეთ….
მინდა ყველას ვუთხრა დიდი მადლობა ჩემს დიდ ოჯახს რუსთაველზე, ეს არის ჩემი დიდი ოჯახი. […] ერთი ჩვენგანი, ჩვენი მებრძოლი უდრის 50-100-ს იმ ჩაჩნებს, იმ მოღალატეებს, რომელსაც კობახიძე და რაღაცა ბანდა ჰქვია.
ნუ შეშინდებით, ნურაფრის შეგეშინდებათ, არც ციხეა საშიში, ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ხალხისთვის არაფერი საშიშროება არაა, იქაც კარგად ვართ.
მინდა მოგმართოთ ჩემს დიდ ოჯახს, იბრძოლეთ ბოლომდე, ქვეყანას ნუ დაუტოვებთ ამ ჩაჩნებს”.