„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან“, – განაცხადა უწყებათაშორი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც სხდომას ონლაინ ესწრებოდა.
„ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტიანად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტიანად გატარდეს.
„ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა გახარიამ.
ამავე საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. მისი განმარტებით, თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა წესის შესრულება, ეს ქვეყანას ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ ზრდას მოუტანს.
„გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ჩვენს ქუჩებში და ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს, ჩვენ გვექნება [ინფიცირებულთა] კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ თავისი პასუხისმგებლოა აქვს ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.