„ის, რაც ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია" - ლევან იოსელიანი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ინციდენტს, როდესაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქართული ოცნების პოლიტიკოსები „ნახმარ სახეებად” მოიხსენია.

„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის რაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება”. – განაცხადა იოსელიანმა.


„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ „ნახმარ სახეებზე” მისი გუშინდელი განცხადება „ქართული ოცნების” ქალ პოლიტიკოსებს არ მიემართებოდა.

გუშინ ბაქრაძემ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მათი გაერთიანების ქალ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და თქვა, რომ არჩევანის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია – სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან მმართველი პარტიის წარმომადგენლების „ნახმარი სახეები”.

„ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – თქვა მან.

როგორც ბაქრაძე „პუბლიკასთან” საუბარში განმარტავს, ის საუბრობდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების სახეებზე, რომელთა ყურებაც საზოგადოებას მობეზრებული აქვს.

„როგორ ვიკადრებდი მაგნაირ რამეს. არ უნდა უნდოდეს ადამიანს, გაიგოს შინაარსი, რაზე ლაპარაკობს ადამიანი ეგეთი სისულელე რომ თქვას. ერთ მხარეს ვახსენე, რომ ასეთი მშვენიერი ქალები გვყავს ჩვენ და მეორე მხარეს, მე არავითარ შემთხვევაში არ გამიკეთებია მე არანაირი ხაზგასმა ქალებზე საერთოდ.

[ვთქვი], რომ „ქართულ ოცნებაში” ნახმარი სახეები აქვთ და მოსწყინდათ ადამიანებს მათი ყურება. ვისაც წაკითხვა შეუძლია და ვისაც მოსმენა შეუძლია, მე მგონია, ოდნავადაც ამაში ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა და ნუ ავყვებით პროპაგანდას თითქოს მე შეიძლება რაიმე სექსისტური მეთქვა”, – აღნიშნა მან.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ბაქრაძის გუშინდელი ნათქვამი „დასაგმობია” და ადასტურებს იმას, რომ „რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, შემოიტანოს მაქსიმალური რადიკალიზმი”.