ის, რაც მოხდა ბერას და ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ჰეითერობაა | თალაკვაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს შეხვედრის მონაწილეებმა.

არჩილ თალაკაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა სააკაშვილის ხელწერა იყო. მისი თქმით, ენმ-ის მმართველობის დროს ადამიანები იწერდნენ უკანონოდ და ახლა საფრთხე, რომ ეს ადამიანები ამ ჩანაწერებს გაავრცელებენ, მაღალია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არასოდეს მომხდარა ადამიანების კომპრომეტირება ფარული ჩანაწერებით.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს მომხდარა ადამიანის კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით. ეს ჩვენი ხელწერა არაა. როცა იყო ასეთი პრეტენზიები, ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირება“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებით საზოგადოებაში ღვივდება ზიზღი, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ შეთანხმებას.

„აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩვენს საზოგადოებაში ზიზღს და ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში სირცხვილია. როგორც ბერა ივანიშვილის, ისე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთდა განმარტებები. ფაქტი ის არის, რომ, რაც მოხდა ბერას და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ჰეითერობა, რაც ხელს უშლის საზოგადოებაში შეთანხმებას. წლების განმავლობაში ამით არის დაკავებული სააკაშვილის გუნდი.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.