საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობს და ემიჯნება. მათი თქმით, ის კადრები რაც გავრცელდა, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის რეპუტაციასა და იმიჯს.
„ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს!
ის, რაც სხვა და სხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!!!”, – წერია განცხადებაში.
4 ივნისს რესტორან „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.
5 ივნისს შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო, „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, 30 ათასი ლარით დააჯარიმა.
ძალადობის ბრალდებით დაკავებული „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, გუშინ, 6 ივნისს, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.