„ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს“ - ფრიდონ ინჯია

პუბლიკა

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების ბრიფინგი გაიმართა.

ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს. ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ეს არის კოჰაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობასი. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს. არც ერთი და არც მეორე არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს“, – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ის „პატრიოტთა ალიანსს“  ტოვებს და ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ აყალიბებს, რომლის ყრილობასაც მომდევნო შაბათს გეგმავს.

„მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება“, – თქვა მან.


„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით გაირკვა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებს ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ, ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.