ისაკო დევიძის ადვოკატი: ორჯერ იძალადეს მასზე, დაიწყო შიმშილობა

პუბლიკა

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძის ცნობით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დევიძეს პოლიციის განყოფილებაში კითხვებს უსვამდნენ ხვალინდელი აქციის შესახებ, ამასთან, მასზე მანამდე ფიზიკურად იძალადეს.

„იყო სხვადასხვა უფლების დარღვევა, ამიტომ არ გვიშვებდნენ და არ უნდოდათ, რომ ხელი შეგვეშალა. ისაკო დევიძე როცა გადაადგილდებოდა ქუჩაში, არაფორმაში ჩაცმულები, ჩასვეს მანქანაში, იქ უკვე უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება რომ ვინმესთან დაერეკა, წაართვეს ტელეფონი. როცა მანქანიდან გამოვიდნენ, ისაკოს მოტივაცია ჰქონდა იყო, რომ იქნებ, ვინმესთვის ხმა მიეწვდინა, დაეძახა – მე მითხრა, იმიტომ შევეცადე ამ პოლიციელებისგან თავი დამეცვა და ცოტა გავწეულიყავი, რომ ჩემთვის რაიმე საგანი არ ჩაედოთ.

იქ დახვდა ვიღაც ადამიანი, რომელმაც დააკავა, როცა უთხრეს, რომ წამოდიო, სახლში უნდა აეყვანათ, ამ დროს სადარბაზოში მასზე იძალადეს. ორჯერ ხდება მასზე ძალადობა – უკვე როცა სახლში შეიყვანეს, ისაკომ თავად გააღო კარი, როცა სახლში შეიყვანეს, მას დასამალი არაფერი ჰქონდა, დაიწყო ჩხრეკა, ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, დაუწყეს ისაკო დევიძეს გინება, როცა უთხრა, რატომ მაგინებთო, ამაზე, რამდენს ლაპარაკობთო და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა.

როცა პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს, ჰყავდათ ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო შვიდამდე პოლიციელი, ზოგი გადიოდა, ზოგი შემოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო გამოკითხვა, რადგან არ მოაწერინეს ხელი, არ შეავსებინეს რაიმე – 4 საათის განმავლობაში მას უსვამდნენ კითხვებს, მაგალითად, ვინ უნდა გადაკეტოს გზა? ხვალ აქციაზე რა მოხდება? რა ტრენინგები გაიარეთ?

მე ეჭვი მქონდა, რომ უკავშირდებოდა ხვალინდელ აქციას, მაგრამ ისაკო დევიძის განმარტებებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მაგაზე იყო – აბა, ხვალ რა მოხდება, ვინ ატარებს აქციას, რა მოხდება, როგორ უნდა მოხდეს, რამე ტრენინგი ხომ არ გაიარეთ. ისაკო დევიძემაც ეს გასცა პასუხი, რომ ამ აქციების ორგანიზატორი არის ხალხი. ისაკო დევიძემ დაიწყო შიმშილობა, ყველა იმ პოლიტპატიმრის, ქალბატონი მზიას სოლიდარულია”, – განაცხადა ადვოკატმა.


დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტივისტების სახლებში ჩხრეკა – პოლიცია იმყოფებოდა ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში, რის შემდეგაც ის პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ნენსი ვოლანდის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ადვოკატი – მას ჩხრეკის შემდეგ განყოფილებაში წაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდს გადასცეს გამოკითხვაზე დაბარების უწყება.

შსს-ის განმარტებით, სამართალდამცველებმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.