ისედაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს ვაქცინაციის მიმართ – ბუწაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

„ნებისმიერი მსგავსი ტიპის მოწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინაციის ტემპის ვარდნა, რადგან ისედაც პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში, ისედაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს ვაქცინაციის მიმართ და, შესაბამისად, ისეთი ტიპის განცხადება, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ამ სკეპტიციზმს, ნამდვილად არ არის მისაღები“, – ასე გამოეხმაურა ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. ამის შესახებ ბუწაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.

პრემიერმა განაცხადა, რომ „ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრი შემთხვევა კი არა, ალბათ, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს.“

„…დელტას და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ძალიან ბევრი შემთხვევა კი არა ალბათ უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მე ვარ აგერ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ დამემართა „ომიკრონი“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, აბსოლუტურ შემთხვევებში, აღიშნული ვირუსი. იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე მქონია სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.