„ისედაც ვერ ვითმენდით“ - ყაველაშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „უცნობის კიდობანში“ პარტიიდან წამოსვლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ორ სხვა დეპუტატთან ერთად, იმიტომ, რომ თუნდაც ახლა სამიტზე და ვიზიტების დროს პრემიერისთვის არავის ეთქვა, რატომ საუბრობს ასე მისი პარტიის წევრი.

მისივე თქმით, სტატუსის საკითხამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე იცოდნენ, რომ რადგან „ქვეყნის ომში ჩართვა ვერ მოახერხეს, სტატუსის საკითხს შემოიტანდნენ“.

„ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის… ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა – მთელი ეს პროცესი ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი.

თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი… ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა. შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება”, – თქვა მან.


28 ივნისს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.