ისეთი არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლზეა, საკმარისი არ არის - სენატორი შაჰინი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ – ამ სახელწოდებით სხდომა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში სენატში სენატორმა ჯინ შაჰინმა გახსნა.

შაჰინმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოს მიერ განვლილ გზაზე დამოუკიდებლობის შემდეგ და გაიხსენა 2012 წელს არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება, რაც მისი თქმით საქართველოს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, შაჰინის თქმით, ქვეყანაში ახლა კრიტიკული მომენტია და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

„სამწუხაროდ საქართველო ახლა კრიტიკულ სიტუაციაშია მის მიერ დემოკრატიის გრძელ გზაზე გამოვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ-იორკის უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაციამ“ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო, ვციტირებ – „კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, კონკურენტული და ეფექტიანად ჩატარებული“, ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრინციპულად მოკიდონ ხელი ამ საკითხს.

არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს სჭირდება ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია.

აშშ ყოველთვის იყო დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს მტკიცე პარტნიორი და ის რჩება დღესაც. მაგრამ ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები.

მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე პასუხისმგებელია ყველა, მმართველი ძალაცა და ოპოზიციაც. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განმტკიცებისათვის და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებით, რათა მოინახოს მშვიდობიანი გამოსავალი ამ კრიზისიდან“, – განაცხადა შაჰინმა.

სენატორის თქმით, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია და ამიტომ გაკვირვებას ვერ მალავს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მოლაპარაკება და კრიზისის დაძლევა აქამდე ვერ შეძლეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს პასუხისმგებელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ წარმატებულ დემოკრატიას ასევე სჭირდება ფუნქციურობა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება.

ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. სწორედ რუსეთი ხარობს უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. თითოეულ იმ დღეს, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ქართველი ხალხისთვის ზიანი მოაქვს, რუსეთისთვის კი გამარჯვება“, – განაცხადა შაჰინმა.