„პოლიციის უღირსობაზე თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგი. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვართ აქ, ისევ თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას! დღეს ღამეს დავრჩებით აქ, იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე“,- მიმართა აქციის მონაწილეებს ელენე ხოშტარიამ.
მელიქიშვილის გამზირზე მყოფმა საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა გზა გახსნეს კვლავ თსუ-ის მიმართულებით გადაინაცვლეს.
დღეს, 19 ნოემბერს, აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.
დილით, პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.