ისევ ვიქნები თუ არა ზ.ხ.-ს ადვოკატი, ამას მასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტ - გელხაური

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პროკურორმა სასამართლო პროცესების გაჭიანურების საფრთხე დაასახელა.

ზ.ხ.-ს უფლებებს ამ დრომდე ადვოკატი გიორგი გელხაური იცავს. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომის შემდეგ ზ.ხ.-მ პროცესი დატოვა და იმავე ქმედებისკენ მოუწოდა გელხაურსაც.

გიორგი გელხაური „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასრულწლოვნების საქმეზე, ანუ ძალადობის ჯგუფურად ორგანიზებაზე, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში დაენიშნა, რაც შეეხება 109-ე, ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მუხლს, ამ ნაწილს არ ითვალისწინებს. დაიცავს თუ არა 109-ე მუხლის ნაწილში გიორგი გელხაური ზ.ხ.-ს, გადაწყვეტილება მათი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„შევხვდები ზ.ხ.-ს, ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით და გავერკვევით, გავაგრძელებ თუ არა ამ საქმეზე მუშაობას.

საზოგადოებრივი ადვოკატი დაინიშნა ამ საქმეზე, ეს არის 225-ე, 143-ე [ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას], 109-ე მუხლს არ ეხება. ამ ნაწილში დავრჩები თუ არა მისი ადვოკატი, მასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტ“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.


„დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ, ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვანთან, ზ.ხ.-სთან მიმართებით განაცხადა. პროკურორის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვეღარ დაიცავს.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ 5 პირს შორის არიან „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები: ა.ქ., ზ.ხ., ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკა რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

დანარჩენ 12 პირს გამოძიება ძალადობის ჯგუფურად ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.