ისევე როგორც საქართველოში შეჭრამდე, რუსეთი აქაც ავითარებს ყალბ ნარატივს უკრაინაზე თავდასასხმელად - ნედ პრაისი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს რუსეთს ჯარი გაჰყავს უკრაინის საზღვრებიდან. ნედ პრაისის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან ახლა უფრო მეტი ჯარისკაცია მობილიზებული და ისინი პირიქით, საბრძოლო პოზიციებისკენ გადაჰყავთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამასთან ერთად რუსული მედია და ვებგვერდები ბოლო დროს აქტიურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ყალბ ნარატივს, რომელიც რუსეთმა შეიძლება შეჭრის საბაბად გამოიყენოს.

„ეს შესაძლოა, მოიცავდეს ბრალდებებს დონბასში უკრაინელების სამხედრო მოქმედებებზე, ცრუ ბრალდებებს აშშ-სა და NATO-ს ქმედებებთან დაკავშირებით, მიწაზე, ზღვასა თუ ჰაერში. მეტიც, შეიძლება მოიცავს ბრალდებებს უკრაინელებისა და NATO-ს შეჭრაზე თავად რუსეთის ტერიტორიაზე.

ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ, რომ ვლადიმერ პუტინი და სხვა მაღალჩინოსნები დონბასთან დაკავშირებით იმეორებენ ტერმინ – „გენოციდს“. ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – ამბობს ნედ პრაისი.

პრაისის თქმით, რუსული ნარატივი ჰყვება დონბასში უკრაინელთა მიერ მასობრივ მკვლელობებზე და ავრცელებენ ცრუ მასალებს თითქოსდა მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით.

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს უკრაინა და აშშ მუშაობენ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაზე, რომ შემდეგ დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ. ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთიდან პარტიზანული და ტერორისტული მოძრაობების ჩამოყალიბების მხარდაჭერაზეც, რომლებიც დონბასში უნდა შეიჭრან.

„ეს ბრალდებები, ვიმეორებ, სრულიად უსაფუძვლოა. სრული სიცრუე. ეს არის ყალბი ნარატივი, რომელსაც რუსეთი ავითარებს უკრაინაში შეჭრის საბაბისთვის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დეკემბერში დაადანაშაულა NATO და აშშ, რომ თითქოსდა ისინი გეგმავდნენ პროვოკაციას დონბასში „არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტებით“ სავსე რეზერვუარების შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს უკვე კარგად ცნობილი ის სცენარია, რომელსაც რუსეთი იყენებს და უკვე გამოუყენებია მისი წინა შეჭრების დროს – უკრაინასა და საქართველოში, თუ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის, სირიაში“, – აცხადებს ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამ ნარატივს არ ავრცელებს საერთაშორისო მედია, ამიტომ მოუწოდებს ხალხს, რომ არ ენდონ რუსულ წყაროებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელსაც კრემლი, როგორც წესი, პროპაგანდისთვის იყენებს. რადგან ნედ პრაისის თქმით, რუსეთი სწორედ ამ დეზინფორმაციის გავრცელებით ცდლობს თავისი დანაშაულების დამალვას.