ISFED: ცესკოს განმარტებები ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე არასაკმარისია

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით.

7 ნოემბერს ISFED-მა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ცესკოსგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცის ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს”.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკომ ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა.

„ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები.

მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით.

საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც.

მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა”, – აცხადებს ISFED.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ცესკო საერთოდ არ გამოხმაურებია იმ საარჩევნო უბნებზე აქტივობის საეჭვო მახასიათებლებს, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია.

„თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს.

„სამართლიან არჩევნებს“ ცესკოსგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება”, – ამბობს ორგანიზაცია.


7 ნოემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ცესკოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ:

„მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%.

გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება.

მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.

ასევე, გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს”.

იმავე დღესვე, ISFED-ის პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან, ცესკოს მტკიცებით, ეს მონაცემები არ შედის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში:

„მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის“, – განაცხადა გუშინ ცესკომ, რაზეც ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ ცესკომ ფაქტობრივად დაადასტურა მათი ინფორმაციის სისწორე.

8 ნოემბერს ცესკო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ISFED-ის მიგნებას. ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ. ცდომილება“, თუმცა, ISFED-ის ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“.

მისივე თქმით,  საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.

აქედან გამომდინარე კი, როგორც იოსელიანი ამბობს, „11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს“.