ISFED: გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.

ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.

„ყალბი და საეჭვო ანგარიშები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ. ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მიმართ პოზიტიური კომენტარების გავრცელების პარალელურად, არაავთენტური ანგარიშები თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს.

პროფილები ხშირად ინტერაქციაში შედიან იმ ანგარიშებთანაც, რომლებიც ცესკოს პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ – მათ არგუმენტებს უპირისპირდებიან და, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის პასუხს სცემენ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არაავთენტური პროფილების ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან მართულ სააგენტოსთან, „ნიუსფრონტთან” წარსულში დაკავშირებული ყალბი პროფილები ფეისბუქზე ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდნენ.

ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო”, – აცხადებს ISFED.

ISFED ამბობს, რომ კომენტარებში გავრცელებული მოსაზრებების ვალიდურობის გაზრდის მიზნით, არაავთენტური ანგარიშები სხვა, რეალური ადამიანების ფოტოებს იპარავენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფოტოს ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით 7 ყალბი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების რეალურ წყაროს მიაგნო.

ორგანიზაციის ცნობით, საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან.

„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა.

„აღმოჩენილი ანგარიშებიდან ნაწილის შემთხვევაში ფეისბუქზე მითითებულია, რომ პროფილი ახალი შექმნილია (New Facebook Account), რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს პროფილის საგანგებოდ კამპანიის საწარმოებლად შექმნაზე”, – აცხადებენ ISFED-ში.

როგორც „სამართლიანი არჩევნები” წერს, გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ.

კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა.

აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა – დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს.

ISFED-ის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე საეჭვო და ყალბი ანგარიშების მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმართული არაავთენტური ქმედებები საინფორმაციო სივრცისთვის პრობლემურია.

„Meta, რომელიც ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიაა, საკუთარ პლატფორმებზე კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას კრძალავს. აღნიშნული საინფორმაციო ოპერაცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კომისიის ფეისბუქგვერდის გამომწერებისა და ფეისბუქის სხვა აუდიტორიის განსხვავებული აზრის ჩახშობასა და გადაფარვას, მეორე მხრივ კი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების დისკრედიტაციასა და გაუფასურებას”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ISFED-ის დაკვირვების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.